SHARE

ქეთი მიქაძე

ბლოგი

loading...

მეტროს ვაგონებში რომ ყოველ წამს გვესმის „კეთილო ხალხო, კეთილო მგზავრებო, 5-10 თეთრი დამეხმარეთ“-ეს ახალი არ არის და ყველამ ვიცით. დღესაც ზუსტად ასე იყო. სამგორში 10-15  გოგო-ბიჭი იყო შეკრებილი. როგორც კი მატარებელი გამოჩნდა დანაწილდნენ, იქვე დასმული პატარები დაითითოვეს და ვაგონებს მოედვნენ. იმ ვაგონში, რომელშიც ვიჯექი 2 წყვილი შემოვიდა. ბიჭს პატარა ბიჭი ეჭირა ხელში, გოგოს კი ხელი მოეკიდა პატარა გოგოსთვის, დაიჩოქე და ხალხს დახმარება სთხოვეო-აიძულებდა. ჩაივლიდნენ, აივლიდნენ-ფული რომ არავინ მისცა, იფიქრეს კიდევ ერთხელ ჩამოვივლითო და…

ისანში ჩემს გვერდით ძალიან სათნო ქალბატონი დაჯდა, ბავშვების დანახვისთანავე ორი ცალი 50 თეთრიანი ამოიღო და ორივე წყვილის პატარებს მისცა. არ ვიცი რა შემამჩნია, მაგრამ როცა პატარა ბავშვი მატარებლის იატაკზე დასვეს და ვუთხარი-აბა რას აკეთებთ, ცოდო არ არის? აიყვანე ჩქარა, ქალმა გამიღიმა-მაინც არ მოგისმენენო და ხელი მომკიდა-დაჯექიო. მერე ტელეფონში რაღაცას ეძებდა, ფოტო მოძებნა და მითხრა:

-ეს ჩემი შვილია.

ფოტოდან შავგვრემანი, ეშხიანი, ლამაზი გოგო შემომცქეროდა. გავუღიმე, ეტყობა გაოცება თვალებში მეწერა. ქალმა მკითხა სად ჩადიხარო.

-რუსთაველზე-ვუპასუხე მე და გავიფიქრე-ხომ ვამბობ, დამთხვეული დამთხვეულთან მიდის, აბა ჩემთან სხვა ვინ მოვა-თქო.

ერთად ჩამოვედით. მე ისე უაზროდ ვუღიმოდი, თავს უხერხულად ვგრძნობდი, ახლა მეცინება-წარმომიდგენია რა სანახავი ვიყავი.

-არ ვიცი რატომ, მაგრამ მინდა წლების საიდუმლო გავამხილო, თუ დრო გაქვს სულ 10 წუთი დავსხდეთ და გავისაუბროთ-მითხრა ქალმა.

კიდევ ერთხელ შევათვალიერე-კარგად ჩაცმული, სანდო გამომეტყველების, ხელში ორი დიდი წიგნი ეჭირა, თან საათზე იხედებოდა, აშკარად თავადაც ეჩქარებოდა.

-კი, მცალია, იქნებ სამსახურში ამოხვიდეთ, აქვე ვარ და დავილაპარაკოთ-შევთავაზე მე.

-არა, აი აქ დავსხდეთ. – რუსთაველის მეტროსთან სკამზე დავსხედით.

ხმას ვერ ვიღებდი, ქალიც ჩუმად იყო. მერე ისევ გავუღიმე და უცებ მითხრა:

-90-იან წლებში, მეტროში ერთი ბავშვი ვნახე, აი, როგორც შენ აღშფოთდი ახლა და მიუთითე-ბავშვი აიყვანეთ, გაცივდებაო, ისე დამემართა მე. ციოდა. ახალგაზრდა ქალმა პატარა გოგონა შემოიყვანა, თვითონ ფულს ითხოვდა, ბავშვს თხელი კაბა ეცვა, დაბლა დასვა და უთხრა-ბიძიებს და დეიდებს ლექსი უთხარიო. პატარამ რამდენიმე ლექსი ჩაარაკრაკა, მერე იმღერა-ისეთი აბუზული იყო, ტუჩები ლურჯი ჰქონდა…ვაგზლის მოედანზე ჩავიდნენ. მე გზა გავაგრძელე, მაგრამ იმ ბავშვის თვალებს ვერ ვივიწყებდი, ვგრძნობდი როგორი გაყინული უნდა ჰქონოდა ხელები და ფეხები. ნაძალადევში ჩამოვედი და უკან გავბრუნდი…ბევრი რომ არ გავაგრძელო, კითხვა-კითხვით, ხვეწნით, ფულის მიცემით გავიგე ვინ იყო ის ქალი და სად შეიძლებოდა მენახა. სადაც მიმასწავლეს ზუსტად იმ ადგილას დამხვდა. კაციც იყო და სხვა ქალიც. კიდევ 4 ბავშვი და ეს პატარა. რომ დამინახა-შემომცინა, მეც გავუღიმე და შოკოლადი მივეცი. გამიბრაზდნენ უფროები-აქედან წადი, ვინ ხარო და რასაც ჰქვია სულ ძალით გამაგდეს…სრული ერთი კვირა არ მიძინია, ქმარსაც ვუამბე ყველაფერი, დედ-მამასაც და ვთხოვე, იქნებ მოვახერხოთ და ბავშვი წამოვიყვანოთ-თქო, თუ თვალს დავხუჭავდი ის პატარა გოგო მელანდებოდა და სულ მიცინოდა…რა თქმა უნდა ჩემებმა სასტიკი უარი მითხრეს, მეუღლემ-საგიჟეში გამოგკეტო მირჩევნიაო…ერთ დღესაც, ხელფასი როგორც იყო გვეღირსა და გავწიე იმ ადგილისკენ, სადაც პატარა მეგულებოდა. მოკლედ გეტყვი-იმ დღეს არა, მაგრამ 10 დღეში ის ბავშვი ვიყიდე.

-რა ქენით?-ვკითხე მე.

-ხო, ვიყიდე. იქ რა მოხდა, რა ვილაპარაკეთ ახლა რა საინტერესოა, მაგრამ თანხა მითხრეს, მოიტანე და „წაიღეო“. რის ვაი-ვაგლახით, ჩემებისგან დაფარულად დავისესხე ფული, გავყიდე ოქროები და გოგონა წამოვიყვანე.

-და სახლში რა თქვეს?

-ქმარი წავიდა, დედამ და მამამ ზურგი მაქციეს. მხოლოდ მეგობრები მეხმარებოდნენ. ბაღში არ გამიშვია-მეშინოდა, არ დაერღვიათ პირობა და არ წაერთმიათ გოგო. დავბანე, დავვარცხნე, ჩავაცვი და ისეთი ლამაზი იყო, გულგრილად ვერავინ ჩაუვლიდა.

-თქვენ შვილი არ გყავდათ?

-უკვე აღარ. ეს ამბავი მაშინ ხდება, სოხუმში ომი რომ იყო. ჩემი შვილი პირველივე დღეებში 16 წლის გაიპარა ომში და…მოკლედ ასე იყო.

ისე მინდოდა მოვხვეოდი, რაღაც თბილი მეთქვა, მაგრამ სუნთქვაც კი შემეკრა. მერე ქალმა გამიღიმა და განაგრძო.

-გამიჭირდა თბილისში, მაშინაც ლექტორი ვიყავი, აბა ჯერ ახლა რა ხელფასი გვაქვს და მაშინ სულ კაპიკები გვქონდა, თან სულ შიშში ვეღარ ვიცხოვრე და სოფელში წავედით, 9 კლასი იქ დაამთავრა ელენემ, მერე ისევ თბილისში გადმოვედით. პირველი მოსწავლე იყო, უნივერსიტეტშიც წარჩინებული, ახლა ამერიკაშია-კარგ ადგილას მუშაობს, საკმაოდ დაფასებულია. მალე შვილიშვილს ველოდები და საშობაოდ მეც მივდივარ მათთან. იცი ეს ყველაფერი რატომ მოგიყევი, მე რომ ელე არ წამომეყვანა, ასეთი ნიჭი ჩაკვდებოდა და ისიც ასე მერტოში იმათხოვრებდა. ვინ იცის ამ ბავშვებში რამდენია ნიჭიერი, რამდენია ისეთი, წესიერი ცხოვრება რომ ჰქონდეს, დიდ საქმესაც გააკეთებენ, მაგრამ…ბევრჯერ ვიკითხე კომპეტენტურ ადამიანებთან, ამ ბავშვების უფლებებს ვინმე არ იცავსთქო?..აი, ჩემი ელენე მაგალითია. ვიცი რაც გინდა ახლა მკითხო-რატომ მოგიყევი ეს ყველაფერი? არ ვიცი, აი ისე არ ვიცი როგორც მაშინ, 25 წლის წინ რატომ ამეკვიატა ელენეს სახე და რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი, დღეს უბედნიერესი ვარ.

-და ეს ისტორია არავინ იცის?

-ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც პირველი დღეებიდან მეხმარებოდნენ, ხალხს კი დაავიწყდა , 25 წელი გავიდა…

-მე თქვენი არც სახელი ვიცი და არც გვარი, არც გკითხავთ, გავიგე მხოლოდ ის, რომ ლექტორი ხართ და მალე დატოვებთ საქართველოს და შვილთან წახვალთ. დაუჯერებელი ამბავია, ზღაპარს ჰგავს. არ ვიცი როგორ გამოვხატო ის, რასაც ახლა ვგრძნობ, თქვენ ძალიან მაგარი ადამიანი ხართ, მაგრამ ერთს ვერ შეგპირდებით-ხალხს უნდა მოვუყვე ეს  ყველაფერი.

ქალმა გაიღიმა, მოყევი, შეიძლება ბევრმა არც კი დაგიჯეროს, მაგრამ ვიღაც მაინც დაფიქრდეს და ამ ბავშვების ბედით დაინტერესდეს-ციგანი იქნება, ქართველი, ქურთი თუ სხვა ეროვნების, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ამ პატარების ბედით დაინტერესდნენ და სხვა თვალით შეხედონო…

მერე ისევ გამიღიმა და მითხრა:

-ნამდვილად არ ვიცი რატომ მოგიყევი, ამდენი წელი გულში ვატარებ და რატომ შენ, ამ კითხვაზე ალბათ ვერც ვერასდროს გავცემ პასუხს, მაგრამ მადლობა რომ მომისმინე და მადლობა, ზედმეტი ცნობისმოყვარეობა რომ არ გამოიჩინე.

მეც გავუღიმე, ავდექი და წამოვედი. ქალი სკამზე დარჩა, მხოლოდ ერთხელ მივიხედე უკან, ხელი დამიქნია, მეც თავი დავუკარი და …ისევ უცნობებად დავრჩით.

ერთი სული მქონდა ეს ამბავი თქვენთვის მომეყოლა, მართლაც-ვინ იცავს ამ პატარების უფლებებს? ვინ ზრუნავს მათზე? ნამდვილად ღირს დაფიქრებად…(წყარო)

loading...

Comments on Facebook