SHARE

მენინგოკოქცემიის ელვისებური ფორმით გუშინ მარნეულში მცხოვრები პირველკლასელი დაიღუპა. ეს არის ამ რეგიონში სასიკვდილო დაავადების გამოვლინების პირველი შემთხვევა.

გარდაცვლილის ოჯახში აცხადებენ, რომ ბავშვის ჰოსპიტალიზაცია დროულად მოხდა, თუმცა ექიმების ჩარევა უშედეგო აღმოჩნდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

loading...

იუსიფ თალიბოვის დედა, ეგანა შარიფოვა მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების წუთებს დეტალურად იხსენებს და ამბობს, რომ ყველაფერი ტემპერატურის აწევის შემდეგ დაიწყო.

„იუსიფს ოთხშაბათს შევატყვე ცვლილება. უხასიათოდ იყო, ვკითხე რა აწუხებდა. მითხრა რომ ზურგი სტკიოდა. ვიფიქრე სასკოლო ჩანთის ბრალია თქო და გამოვართვი. სკოლის შემდეგ სახლში ღუმელთან დაჯდა და არაფერი უჭამია, სიცხე გავუზომე, 38 გრადუსი ჰქონდა და წამალი მივეცი. მეუბნებოდა კარგად ვარო მაგრამ შემეშინდა, რადგან არაფერს ჭამდა. მალევე სიცხე 39-ზე ავიდა და ეს უკვე ძალიან საშიშად მომეჩვენა. მივეცით წამლები და მალე დაუწია ტემპერატურამ. ცოტა ხნით უკეთ იგრძნო თავი, თუმცა ძალიან მალე ისევ შეიცვალა. გვიან უკვე მეუბნებოდა, დედა ვკვდებიო. ხელები და ფეხები ცივი ჰქონდა, შეგვეშინდა და სასწრაფო დახმარებით საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ძალიან მალე სახეზე გამონაყარი გაუჩნდა და ექიმებმა მარნეულიდან თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. ექიმები გვეუბნებოდნენ, რომ ზუსტი დიაგნოზის დასმა რთული იყო თავიდან, თუმცა სიტუაციის დამძიმების შემდეგ, აგვიხსნეს, რომ ეს მენინგიტი იყო. ამის შემდეგ ძალიან ცოტა ხანს იცოცხლა. გვეუბნებოდნენ, რომ 90% სასიცოცხლო ნიშნები აღარ ჰქონდა,“ – განაცხადა ეგანა შარიფოვამ.

იაშვილის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ექიმი მაია ფეიქრიშვილი ამბობს, რომ ბავშვს, მთელ ტანზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა.

სრული ვერსიის ნახვა cyc.ge

loading...

Comments on Facebook