SHARE

ანი სპარსიაშვილი ქართველი გოგონაა, რომელიც რამდენიმე თვეა კუნძულ მადეირაზე პორტუგალიელ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.

ანიმ საკუთარ “ფეისბუქზე” საქართველოში დარჩენილ დედას ძალიან ემოციური პოსტი მიუძღვნა. აი, რას წერს ის:

loading...

“მე რომ დედა მივატოვე…

ხუთი წლის წინ, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, დედა სოფელში დარჩა… მთელი ოთხი წელი ვოცნებობდი, რომ თბილისში გადმოსულიყო და ერთად გვეცხოვრა, გვქონდა რამდენიმე მცდელობა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, რატომ – ალბათ რთული მისახვედრი არაა…

მეგონა, უნივერსიტეტს რომ დავამთავრებდი და კარგი სამსახური მექნებოდა, ყველაფერს გავწვდებოდი, მაგრამ ეს
არარეალური აღმოჩნდა და  ბავშვური ოცნება უნივერსიტეტის დამთავრებამდე დამემსხვრა, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურებს არ ვუჩიოდი (ბოლოს განსაკუთრებით), დედაჩემისთვის შესაბამისი სამსახური ვერ მოიძებნა თბილისში და კახეთში კი მუშაობს გამგეობაში (ბევრი წვალებისა და ნერვიულობის ფასად), მაგრამ საქართველოში ხომ ძირითადად ასეა, უნდა ძალიან გაგიმართლოს, რომ ცოტა ნორმალური სამსახური იპოვო.
ჰოდა, ის მითი დაიმსხვრა, რომ ჩვენ ერთად ვიქნებოდით… მე კი ვმუშაობდი და ვსწავლობდი და დრო არაფრისთვის და
არავისთვის არ მრჩებოდა…

მე რომ დედამ არ მიმატოვა…

სკოლის ასაკში, დაახლოებით მერვე კლასის შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა, იქამდეც სულ გვიჭირდა, მაგრამ დედაჩემი თავს არ ზოგავდა და ახლა რაც კი ვიცი (ხატვა, ჭადრაკი, ცეკვა, სიმღერა, დაკვრა), ყველაფერი მისი დამსახურებაა.

სხვა დროსაც მითქვამს, რომ დედაჩემი მე რასაც მარტოხელა მიკეთებდა, მაშინ სხვებს ორივე მშობელი ვერ უკეთებდა ერთად.

ბევრჯერ უფიქრია საზღვარგარეთ წასვლაზე, როცა იმაზე მეტი უნდოდა მოეცა ჩემთვის, რაც მქონდა, მაგრამ თვითონაც ვერ გადაწყვიტა და მეც არსად გავუშვი…

ასე გაგვქონდა თავი, უფლის მადლით…

და არასდროს მინანია, რომ ჩემთან დარჩა, იმიტომ, რომ, ვფიქრობდი და ვფიქრობ – იმ ასაკში განსაკუთრებით, რა ასაკშიც მე ვიყავი, სულიერად უფრო სჭირდება ბავშვს მშობლის თანადგომა და სიახლოვე, ვიდრე მატერიალურად უზრუნველყოფა, თან მე ყოველთვის ერთი მშობელი მყავდა. მამაჩემს კი, როცა ჩამოვიდა და გავიცანი, და უნდოდა მამობა გაეწია, აღარ დასცალდა…

ჰოდა, რას ვამბობდი… დედაჩემი ის ქალია, მთელი თავისი ახალგაზრდობა რომ მე შემალია. დედაჩემი ის ქალია, მეორედ რომ ოჯახის შექმნა არ სცადა, აქაოდა მე ამით რაიმე არ დამკლებოდა. დედაჩემი ის ქალია, რომელმაც მომცა ყველაფერი ღირებული, რაც ახლა გამაჩნია, მარტო ნიჭი არაფერი იქნებოდა, მას რომ ცეკვიდან მუსიკაზე, მუსიკიდან ხატვაზე, ხატვიდან ჭადრაკზე და ა.შ. არ ვეტარებინე.

“რკინის ქალამნებითაც” უვლია ჩემი გულისთვის, მე კი, თუ რამეს ვაკეთებდი, ყველაფერს მისი გულის გასახარებლად. ყველა წარმატება მისთვის მინდოდა, რომ როგორმე ცოტა მაინც დამეფასებინა მისი თავდადება, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, მე რაც არ უნდა გავაკეთო, მის ამაგს მაინც ვერაფერი გადაწონის…

ყველაფერს მისი გულის გასახარებლად ვაკეთებდი-მეთქი და ალბათ ხვდებით, რომ უცხოელ სიძეზე არასოდეს უოცნებია დედაჩემს.

აი, ამაში კი გავუცრუე იმედი. მე უფრო ჯიუტი აღმოვჩნდი, ვიდრე ქალბატონი მანანა. გულიც ვატკინე და ბევრიც ვატირე, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ არც ჩემთვის ყოფილა მარტივი ეს ყველაფერი.

იქნებ თქვენც იმას ფიქრობთ, რომ მე დედა მივატოვე?

ბავშვობაში სულ ასე ვხუმრობდი: მე რომ გავთხოვდები, დედა მზითვებში უნდა წავიყვანო-მეთქი, მერე რომ გავიზარდე, მივხვდი, ესეც როგორი არარეალური იყო, ჯერ რომელ სიძეს ესიამოვნება სიდედრი (ქართული ანეკდოტები მაინც არ ვიცოდე) და თან თავად მანანას არ მიაჩნდა მართებულად.

mshoblebi

ქალბატონი მანანა კი ისეთი ჯიუტი გახლავთ, რასაც ამბობს, ვერაფრით გადაათქმევინებთ, მაგრამ მე როგორც ხედავთ, მასზე ჯიუტი აღმოვჩნდი და დღეს ამ ყველაფერს კუნძულ მადეირადან გიყვებით, ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ რუკაზე კარგად ნახოთ, სადაა საქართველო და სად ვარ მე.

ასე მოხდა, მზითვებში წაყვანის მაგიერ, ისე შორს ვართ ერთმანეთისგან, რომ მეტი არ შეიძლება, მაგრამ საქართველოს დატოვებიდან სამი თვე გადის და ამ სამი თვიდან, საშინელი მონატრების მიუხედავად, ერთი წამითაც არ მინანია ჩემი გადაწყვეტილება. რადგან…. მე სხვა არჩევანი არ მქონდა, ან მთელი ცხოვრება თვალთმაქცობაში უნდა გამეტარებინა და უბედური ვყოფილიყავი, ან ისე, როგორც ახლა ვარ…

ბედნიერი… იმიტომ, რომ არ მიწევს ბედნიერების თამაში. იმიტომ, რომ გვერდით მყავს ანტონიოსნაირი ადამიანი და არა ვინმე რიგითი კარიერისტი.  ადამიანი, ყველასგან გამორჩეული და ყველასათვის საყვარელი, მთელი თავისი საოცარი უბრალოებით და უდიდესი სიყვარულით, რომელსაც მე ვუყვარვარ შიგნიდან და შინაგანად, რომელსაც დედაჩემი უყვარს და რომელიც შეიძლება ითქვას, დედაჩემზე ისევე ნერვიულობს, როგორც მე და ეს ყველაფერი ყოველგვარი სიყალბისგან და თვალთამაქცობისგან არის დაცლილი.

ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ გვერდით მყავს სწორედ ის ადამიანი, ვინც ჩემი მთელი არსებით მიყვარს. და ეს ჩემთვის უფლის ყველაზე დიდი საჩუქარია.

ბედნიერი ვარ, მაგრამ ჩემს ბედნიერებას აკლია დედაჩემი.

ქალი, რომელმაც არასდროს მიმატოვა, მე კი საქართველოში მარტო დავტოვე, მაგრამ დროებით.!!” – წერს ანი სპარსიაშვილი.

loading...

Comments on Facebook