SHARE

2014 წლიდან ქვეყნიდან მასობრივად გაედინება შრომისუნარიანი მოსახლეობა. ისინი მზად არიან, ნებისმიერი მეთოდებით საქართველო დატოვონ.

პირველ რიგში, ცდილობენ, სასურველ ქვეყნამდე ჩააღწიონ და შემდეგ ლტოლვილთა არმიაში ჩაეწერონ. საინტერესოა, რატომ არის მიმზიდველი თავშესაფრის მაძიებელთა სტატუსის მიღება და რა მატერიალურ დახმარებას იღებენ ქართველები უცხო ქვეყნებში გადახვეწის შედეგად.
ემიგრაციაში წასულ პირებს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა პირობებს სთავაზობენ. საფრანგეთში სახელმწიფო ერთ ადამიანს თვეში 350 ევროს უნაზღაურებს; გერმანიაში საფეხურების მიხედვით იღებენ დახმარებას, თუმცა ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში საბოლოო საცხოვრებელში მცხოვრებ პირს სახელმწიფო 230 ევროს უხდის. ისინი ასევე უზრუნველყოფილნი არიან ფართით, რაც ქართველებისთვის, როგორც ჩანს, საკმარისია ელემენტარული არსებობისათვის. სულ ეს არის, რის გამოც პირველ ეტაპზე თანხმდებიან ემიგრაციაში წასული და ჩასაბარებლად გამზადებული ადამიანები.
მძიმე სოციალური პირობები გახდა იმის მიზეზი, რომ კეკუთიების ოჯახს გერმანიისთვის თავშესაფრის მოთხოვნით მიემართა. იქ ჩასულებმა ლტოლვილის სტატუსი მიიღეს და უკვე მესამე წელია, ცხოვრობენ. “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას ლევან კეკუთიამ აღნიშნა, რომ მას, მის მეუღლესა და ორ შვილს გერმანიის მთავრობა თვეში 920 ევროთი ეხმარება. ხანდახან მუშაობენ კიდეც, შესაბამისად, შემოსავალს არ უჩივიან, საქართველოში კი ამას ვერაფრით მოახერხებდა.
“მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო გერმანიაში წავედით და უკვე მესამე წელია, ემიგრაციაში ვარ ოჯახთან ერთად. თავიდან მეორად საერთო საცხოვრებელში ვიყავით, საკვებით გვეხმარებოდნენ და კვირაში 180 ევროს გვიხდიდნენ. იქ პირობები არ იყო ისეთი, რომ ბავშვებთან ერთად მეცხოვრა. შემდეგ გადაგვიყვანეს საბოლოო საცხოვრებელში, სადაც საკმაოდ ნორმალური პირობებია.
მე, ჩემს მეუღლესა და ორ შვილს სახელმწიფო თვეში 920 ევროთი გვეხმარება. ხანდახან ვმუშაობთ კიდეც, შესაბამისად, შემოსავალს არ ვუჩივით. საქართველოში ამდენზე ოცნებაც არ შემეძლო”, – აღნიშნა მან.
მსგავსი მიზეზით საფრანგეთში, უკვე ორი წელია, ცხოვრობს საქართველოს მოქალაქე ნიკა ლევერაშვილი. როგორც მან “ბიზნეს-რეზონანსს” უთხრა, არსებული პირობებით კმაყოფილია და ჯერ საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავს.
“ორი წელია, საფრანგეთში ვარ, აზული ჰქვია აქ ე.წ. განყოფილებას, სადაც ჩავბარდი. თვეში 350 ევროს მიხდიან. სათანადო პირობები არ არის, მაგრამ მარტო ვცხოვრობ და ვუძლებ. ვიღაცები იტყვიან, საქართველოში დარჩენილიყო, ახალგაზრდა კაცია და ამდენს აქაც იშოვიდაო, მაგრამ ვერაფერი მოვახერხე და რა მექნა? მშენებლობის გარდა, ვერსად ვიმუშავე, ისიც მცირე ხანს, ხელფასსაც ხან გვიხდიდნენ, ხან – არა. სამუშაო პირობებზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ. ყველამ ვიცით ამ სფეროში მანდ რაც ხდება.

loading...

საფრანგეთში კი გარანტირებული შემოსავალი მაქვს. მალულად, მაგრამ მაინც ვმუშაობ და თვეში გარკვეული თანხის შეგროვებასაც ვახერხებ, რომ რაღაც ნაწილი ოჯახსაც გავუგზავნო საქართველოში. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და მიუხედავად ყველაფრისა, არასდროს მინანია. ჯერ საქართველოში ჩასვლას არ ვგეგმავ, სამომავლოდ კი რა იქნება, არ ვიცი”, – უთხრა “ბიზნეს-რეზონანსს” ლევერაშვილმა.

წყარო: რეზონანსი

loading...

Comments on Facebook