SHARE
24 დეკემბერს ტრაგედია დატრიალდა ღანირი-ქვიტირის გზაზე, სადაც მორიგ ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის მარიამის სიცოცხლე ემსხვერპლა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გვესაუბრება ადამიანი, რომელიც ტრაგედიის ადგილის სიახლოვეს ცხოვრობს. მისი თქმით, ტრაგედია საღამოს, შებინდებისას მოხდა:

– ამ უბედურებამ დედისერთა, ნანატრი შვილი შეიწირა. ბავშვი გერმანიაში ცხოვრობდა და დედასთან ერთად, საახალწლოდ ბებიასთან სტუმრად წინა დღის ჩამოსული იყო.

– გოგონა გერმანიის

loading...

მოქალაქე იყო?

– დიახ. დედამისი, ლალი ჩიხლაძე ჯერ კიდევ პატარა გოგონა იყო, როდესაც ხონიდან წავიდა გერმანიაში. იქ ჯერ მუშაობდა, შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში ისწავლა და ბოლოს დაოჯახდა კიდეც. მაგრამ სამშობლოს გარეშე დიდხანს ვერ ძლებდა, მარიამიც ხშირად ჩამოჰყავდა ბებიასთან, – ბავშვიც, რაც იზრდებოდა, მით უფრო მოიწევდა საქართველოსკენ,

გიჟდებოდა დედულეთზე. ამბობდა, რომ გავიზრდები, აუცილებლად აქ ხონში უნდა დავბრუნდე და ვიცხოვროო. ასე, საბედისწეროდ აუსრულდა ეს ნათქვამი, ამ უბედურებამ სამუდამოდ დატოვა დედულეთში.

ახალი შებინდებული იყო ეს უბედურება რომ მოხდა. ბავშვი ამ დროს, სახლის მოპირდაპირე მხარეს, მეზობელთან იყო და შინ რომ მისულიყო, ტრასა უნდა გადაეჭრა. ასეთ დროს ამ გზაზე დიდი მოძრაობა არ არის. თანაც, მარიამი გერმანიაში, მოწესრიგებულ ქვეყანაში იყო გაზრდილი და რას წარმოიდგენდა, რომ მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულ ადგილას, მანქანა იმ სისწრაფით იმოძრავებდა, რომ დამუხრუჭებასაც ვერ შეძლებდა…

 
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა...
– კი მძღოლმა გაქცევა სცადა, თუმცა შორს ვერ წავიდა, მანქანიანად თხრილში ჩავარდა და პოლიციამ დააკავა. ტრაგედიის ადგილას რომ მივედით, გოგონა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადრაჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ახლა აღმოჩნდა, რომ ის სამხედრო პირი ყოფილა, – ქვეითი ბრიგადის სერჟანტი. ვინც არ უნდა იყოს, ყველა კანონის შესაბამისად, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

 

თავდაცვის სამინისტრომ მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ბავშვი დაიღუპა, განცხადება გაავრცელა.

“VI საარტილერიო ბრიგადის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი ა. ჩ. სამტრედიიდან ხონის მიმართულებით სამსახურეობრივი ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა სამტრედიის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს – უკვე გამოკითხულია მძღოლი და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიებას იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველო აწარმოებს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და უსამძიმრებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

 

(სპეციალურად საიტისთვის)

loading...

Comments on Facebook